თურქეთის ჩრდილოეთ შავი ზღვის რეგიონში, რიზესა და ართვინის პროვინციებში არსებული ქაჩქარის მთები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სათავგადასავლო მიმართულებად ითვლება. ისინი ოთხივე სეზონზე ვიზიტორებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობენ და ამ უნიკალური სიმდიდრის დამსახურებით სულ უფრო აქტიურად იკავებენ ადგილს საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქაჩქარის მთებზე წარმატებით ჩატარდა ულტრამარათონი - KAÇKAR BY UTMB, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ვიზიტორი მიიზიდა. წელს კი, 2026 წლის 17–18 აპრილს რიზეში ქაჩქარის საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა გაიმართება.
ღონისძიება ტარდება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და თურქეთის ტურიზმის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით. მისი მიზანია ქაჩქარის მთებისა და შავი ზღვის რეგიონის უნიკალური ბუნება საერთაშორისო მიმზიდველ ცენტრად აქციოს.
რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ღონისძიება - გამოფენა არ შემოიფარგლება მხოლოდ ექსპოზიციებით. ის მოიცავს პანელურ დისკუსიებს, კონფერენციებსა და ვორქშოფებს, სადაც მონაწილეები გაეცნობიან ტურიზმის ახალ ტენდენციებს და ერთმანეთს შორის დაამყარებენ ახალ თანამშრომლობებს. წელს რიზეს ჩაის ბაზარში უმასპინძლებს 1000-ზე მეტ ინდუსტრიის წარმომადგენელსა და 3000-ზე მეტ სტუმარს.
შავი ზღვის ზღაპრული სამყარო - ბუნების, კულტურისა და ისტორიის ერთიანობა
ქაჩქარის მთები ოთხივე სეზონზე მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს ვიზიტორებს. ის გამოირჩევა ბუნებისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის გამორჩეული მარშრუტებით, მდიდარი ისტორიითა და უნიკალური გასტრონომიული კულტურით.
ეს რეგიონი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი ბუნებრივი სივრცეა, სადაც მდებარეობს 50-ზე მეტი ალპური ტბა, ღრმა ხეობები, სიმწვანით დაფარული ტყეები და გასაოცარი მდინარეები.
ქაჩქარის მთის უმაღლესი მწვერვალი 3,937 მეტრს აღწევს და განსაკუთრებულად იზიდავს თრექინგის, ალპინიზმისა და ბუნებაში მოგზაურობის მოყვარულებს. ვიზიტორებს შეუძლიათ ლაშქრობა პანორამულ ბილიკებზე, ველოსიპედით სეირნობა ხეობებში, იშვიათი ცხოველების დაკვირვება და შთამბეჭდავი ფოტოების გადაღება. ზამთარში, როცა მთები თოვლით იფარება, ქაჩქარი იდეალური ადგილი ხდება ლაშქრობისთვის, თხილამურებისთვის, სნოუბორდისთვისა და ჰელისქინგისთვის.
აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობა განსაკუთრებით ინარჩუნებს ტრადიციებს, ენას და ხელობას. სტუმრებს შეუძლიათ მოუსმინონ ტრადიციულ მუსიკას - თულუმის (გუდასტვირის) ხმებს და თვალი ადევნონ ენერგიულ ჰორონის ცეკვას. რეგიონი ასევე, ცნობილია ფესტივალებითა და ჩაის მოსავლის აღების დღესასწაულებით, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს სრულად გაეცნონ ადგილობრივ კულტურას.
ჯანმრთელობა და გასტრონომია
საგულისხმოა, რომ ქაჩქარის მაღალმთიანი ზონა ერთ-ერთი საუკეთესო მიმართულებაა დასვენებისა და აღდგენისათვის. სუფთა ჰაერი და ბუნებრივი გარემო იდეალურ პირობებს ქმნის რელაქსაციისთვის. ამ მხრივ აღსანიშნავია აიდერის თერმული წყლები, რომელიც ბუნებრივი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელ ადგილად ითვლება რეგიონში.
გასტრონომიული კულტურა კი საოცარ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს - ორგანული თაფლი, მთის სამკურნალო მცენარეები, მსოფლიოში ცნობილი ჩაი და ახალი ზღვის პროდუქტები აქაურობას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
მზარდი საერთაშორისო პოპულარობა
მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების დამსახურებით ქაჩქარის მთები მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს. ამას ადასტურებს ისიც, რომ აქ ტარდება Ultra-Trail du Mont-Blanc (UTMB)-ის მსოფლიო ღონისძიება.
აღსანიშნავია ისიც, რომ აპრილის ღონისძიების შემდეგ, 2026 წლის 11–13 სექტემბერს რიზეში კვლავ გაიმართება ულტრამარათონი -KAÇKAR BY UTMB.