საქართველოში უმაღლესი საეკლესიო ხელმძღვანელობა შეიცვალა. გასულ სამშაბათს გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი მეთაურის, შიო III-ის ინტრონიზაცია. 57 წლის შიო მუჯირმა [ერისკაცობაში ელიზბარ თეიმურაზის ძე მუჯირი] ილია II შეცვალა და ის საქართველოს 142-ე პატრიარქი გახდა. ანალიტიკოსები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეკლესიის სათავეში მუსიკალური წარსულის მქონე ადამიანი მოვიდა, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ქართულ საზოგადოებაზე. ამასთან, შიო III-ს აღწერენ როგორც სასულიერო და საზოგადოებრივ წრეებში ავტორიტეტის მქონე ფიგურას, რომელსაც მრევლის დიდი ნდობა და პატივისცემა აქვს მოპოვებული. მას ასევე, კარგი მმართველობითი უნარების მქონე ლიდერად მიიჩნევენ, რომელიც აშკარად ცდილობს, რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნოს.
რაც შეეხება პატრიარქის არჩევას, პროცესი თბილისის დიდებულ სამების ტაძარში გაიმართა, რომელიც 2000-იანი წლების დასაწყისში ილია II-ის ინიციატივით აშენდა. აღსანიშნავია, რომ ტაძრის მშენებლობა დააფინანსა მმართველი პარტიის -„ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. არჩევნებში მონაწილეობდა ქვეყნის 39 ეპარქიიდან 1200 დელეგატი. მოწვეულნი იყვნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეებიც, თუმცა ტაძარში არცერთი პოლიტიკოსი არ დაუშვეს. გადამწყვეტი ხმის უფლება მხოლოდ ეპისკოპოსებს - წმინდა სინოდის წევრებს ჰქონდათ, დანარჩენები კი მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდნენ. პატრიარქის ტახტზე კანდიდატებად წმინდა სინოდმა სამი ეპისკოპოსი დაასახელა: უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). თავდაპირველად, კენჭისყრის შედეგად მეუფე შიომ 20 ხმა მიიღო, ხოლო მიტროპოლიტებმა - იობმა და გრიგოლმა - თითოეულმა შვიდი. ამის შემდეგ მოსაყდრის უპირატესობა ყველასთვის აშკარა გახდა. კულუარებში ეპისკოპოსები განმარტავდნენ, რომ ამჯერად, ისინი არა იმდენად შიო III-ის პიროვნებას, არამედ გარდაცვლილი ილია II-ის კურისა და ხედვის გაგრძელებას უჭერდნენ მხარს. აღსანიშნავია, რომ ილია II თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ეკლესიას და მან ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი შეძლო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობის შენარჩუნება.
თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვისაც შიო III-ის პატრიარქობა კატეგორიულად არ უნდოდათ. ოპონენტები მას „მოსკოვის კანდიდატს“ უწოდებენ. ისინი ამას ხსნიან იმით, რომ ელიზბარ მუჯირმა განათლება რუსეთში მიიღო და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოსკოვის ერთ-ერთ ტაძარშიც მსახურობდა. ამ ლოგიკით, გამოდის, რომ ნებისმიერი ქართველი, რომელმაც კარგად იცის რუსული ენა და საქმიანი მიზეზებით არაერთხელ ყოფილა მოსკოვში, ავტომატურად „კრემლის აგენტი“ ხდება. თავად ოპოზიციონერებსაც ეს არგუმენტები სუსტად მიაჩნიათ, ამიტომ ამ მოსაზრებებს საჯაროდ იშვიათად გამოთქვამენ. ამასთან, მათთვის ცნობილია თავად შიო III-ის პოზიციაც. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ აპირებს ყურადღება გაამახვილოს შიდა საეკლესიო საკითხებზე და გააძლიეროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისციპლინა, რომელიც მისი 93 წლის წინამორბედის პერიოდში გარკვეულწილად შესუსტდა.
უნდა დავამატოთ, რომ ეს არ მომხდარა გარე ძალების გავლენის გარეშე, მათ შორის კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართლომე I-ის გავლენის გარეშე. როგორც ცნობილია, ბართლომე I აქტიურად უპირისპირდება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, მან ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უკრაინის საეკლესიო პროცესებში და, ჩემი აზრით, შესაძლოა მსგავსი სცენარის განმეორება სურდეს საქართველოშიც. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის წარმატებას მიაღწევს.
ახალი პატრიარქის პირველი განცხადებებიდან ჩანს, რომ შიო III-ის მთავარი პრიორიტეტი ეკლესიის ერთიანობისა და სიმტკიცის შენარჩუნებაა. ამასთან, თავადაც კარგად აცნობიერებს, რომ მის წინააღმდეგ ეკლესიის შიგნით არსებული ოპოზიციური ჯგუფებიც იმოქმედებენ. არაერთხელ აღნიშნავენ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდში არსებობს გავლენიანი ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს „პროდასავლურს“ უწოდებს და კრიტიკულად არის განწყობილი მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" მიმართ. ეს შიდა უთანხმოებები ბოლო დრომდე ილია II-ის ძლიერი ავტორიტეტის წყალობით დაბალანსებული იყო, თუმცა ახალ პატრიარქს მსგავსი გავლენა ჯერჯერობით არ გააჩნია. პოლიტოლოგები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება კრიტიკა „ქართული ოცნების“ ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური პოლიტიკის მიმართ. პროდასავლური მედიის მხრიდან ხშირად წამოიწევა ისეთი საკითხები, როგორიცაა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, მოსახლეობის გაღარიბება და ოლიგარქების გავლენის გაძლიერება. ამავდროულად კი, უგულებელყოფენ საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას, მათ შორის იმას, რომ ქვეყნის მშპ 2025 წელს რეკორდული 7.5%-ით გაიზარდა.
ექსპერტები თანხმდებიან, რომ ახალი პატრიარქი ადრე თუ გვიან იძულებული გახდება ღიად ისაუბროს აქტუალურ სოციალურ საკითხებზე. ამასთან, ბევრი მიიჩნევს, რომ შიო III, მოქმედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად, ნაკლებად დაუშვებს საქართველოში „უკრაინული რელიგიური სცენარის“ გამეორებას, რადგან, მათი შეფასებით, მისი შედეგები როგორც კონკრეტული ქვეყნისთვის, ისე მსოფლიო მართლმადიდებლობისთვის მძიმე აღმოჩნდა.
ფაიკ აღაევი