პოლიციამ ბრიუსელის ცენტრში ათასობით ფერმერის წინააღმდეგ, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლის მანქანები გამოიყენა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ფერმერები ბრიუსელში, სადაც ევროპული საბჭოს სამიტი იმართება, ევროკავშირისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან სავაჭრო ხელშეკრულების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მათ ქალაქის ცენტრალური ქუჩები ტრაქტორებით გადაკეტეს. მათ შენობებს კარტოფილი და კვერცხები დაუშინეს.
ფერმერების თქმით, ხელშეკრულება, რომლის გაფორმებას ევროკავშირი სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან ცდილობს, მათ არათანაბარ პირობებში დააყენებს, რადგან ბრაზილიიდან, არგენტინიდან, ურუგვაიდან, პარაგვაიდან და ბოლივიიდან შემოსულ საქონელზე გადასახადებს 15 წლის ვადით გააუქმებს.