g100.ge

თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წელი გავიდა

თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წელი გავიდა

დღეს თურქეთის რესპუბლიკის გამოცხადებიდან 103 წელი გავიდა. 1923 წლის 29 ოქტომბერს, მუსტაფა ქემალ ათათურქის ხელმძღვანელობით, თურქმა ხალხმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულა და შედეგად, ქვეყანაში ისტორიაში რესპუბლიკის ეპოქა დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს დაიწყო და მასში ოსმალეთის იმპერიაც ჩაერთო, რომელიც გერმანიის მოკავშირე იყო. ოთხწლიანი ომის დასრულების შემდეგ ოსმალეთის იმპერია და მისი მოკავშირეები დამარცხდნენ. 1918 წლის 30 ოქტომბერს ხელმოწერილი მუდროსის ზავით ოსმალეთის იმპერია ომიდან გამოვიდა, რასაც ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და გამარჯვებული სახელმწიფოების კონტროლის დამყარება მოჰყვა.

1920 წლის 10 აგვისტოს სევრის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ოსმალეთის მიწების დანაწილებას ითვალისწინებდა. თუმცა თურქეთში მოისახლეობამ ეს მდგომარეობა არ მიიღო და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა განაგრძო.

1919 წლის 19 მაისს მუსტაფა ქემალ ფაშა თანამებრძოლებთან ერთად სამსუნში ჩავიდა. ერზრუმისა და სივასის კონგრესებზე მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საფუძველი ჩაუყარა. 1920 წლის 23 აპრილს ანკარაში თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ პირველი სხდომა გამართა და მუსტაფა ქემალ ფაშა თავმჯდომარედ აირჩია. მისი ხელმძღვანელობით დაწყებული განმათავისუფლებელი ომის შედეგად თურქეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა.

1923 წლის 24 ივლისს ლოზანის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერამ ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა. იმავე წლის 28 ოქტომბერს ათათურქმა თანამოაზრეებს განუცხადა: „ხვალ რესპუბლიკას გამოვაცხადებთ“.

1923 წლის 29 ოქტომბერს რესპუბლიკის გამოცხადების წინადადება თურქეთის დიდ ეროვნულ კრებას წარედგინა და დამტკიცდა. მუსტაფა ქემალ ათათურქი თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა.

თურქეთის რესპუბლიკის დაარსება ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, ეროვნულ ერთიანობასა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას უკავშირდება. დღეს თურქეთი თავისი მიღწევებითა და საერთაშორისო როლით თურქული სამყაროსა და სხვა ქვეყნების მნიშვნელოვანი პარტნიორია.

თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 16 დეკემბერს აღიარა, ხოლო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დამყარდა. დღეს საქართველო და თურქეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და თანამშრომლობენ პოლიტიკის, ეკონომიკის, ვაჭრობის, თავდაცვისა და კულტურის სფეროებში. 2007 წლიდან თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

უახლესი სტატიები