g100.ge

თურქული ყავის მსოფლიო დღე - აღმოაჩინეთ თურქული ყავის კულტურა 5 დეკემბერს

თურქული ყავის მსოფლიო დღე - აღმოაჩინეთ თურქული  ყავის კულტურა 5 დეკემბერს

ახალი ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად მისი სამზარეულოს აღმოჩენა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. მოგზაურობის ტენდენციების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გამოკითხულთა 82% მიიჩნევს, რომ ადგილობრივ გამოცდილებაში  მონაწილეობა ქვეყნის კულტურის უკეთ გაცნობას უწყობს ხელს. თურქეთში კი ამ გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია ერთი ფინჯანი თურქული ყავა, რომელიც კულინარიულ მემკვიდრეობასთან ერთად სტუმართმოყვარეობისა და ადამიანებს შორის ურთიერთობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც გამოხატავს.

გამორჩეული არომატი, ხავერდოვანი ქაფი და მომზადების განსაკუთრებული წესი თურქულ ყავას ქვეყნის კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს. მისი მნიშვნელობა 2013 წელს საერთაშორისო დონეზეც აღიარეს, როდესაც „თურქული ყავის კულტურა და ტრადიცია“ იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანეს.

5 დეკემბერს აღინიშნება თურქული ყავის მსოფლიო დღე, რომელიც ქვეყნის ამ უნიკალური ტრადიციის გასაცნობად საუკეთესო შესაძლებლობაა. ისტორიულ ყავახანებში ყავის დაგემოვნებიდან რეგიონული სახეობების აღმოჩენამდე და მომზადების ტრადიციული მეთოდების შესწავლამდე, მოგზაურებს შეუძლიათ თავად გამოსცადონ კულტურა, რომელშიც საუბარი და ურთიერთობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად სასმელი.

თურქული ყავა - მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჩაის კულტურითაა ცნობილი, თურქულ ყავას ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ყავა იემენიდან სტამბოლში XVI საუკუნეში გავრცელდა. მალევე ქალაქში პირველი ყავახანები გაიხსნა, სადაც ადამიანები აზრების გასაზიარებლად და სასაუბროდ იკრიბებოდნენ. მოგვიანებით ევროპელმა დიპლომატებმა და ვაჭრებმა ეს ტრადიცია ევროპის ქვეყნებშიც გაავრცელეს.

თურქული ყავის მთავარი თავისებურება მისი მომზადების მეთოდია. წვრილად დაფქულ ყავას წყალში, სპეციალურ პატარა ჭურჭელში - ჯეზვეში   ნელ ცეცხლზე ადუღებენ, რის შედეგადაც მისთვის დამახასიათებელი ქაფი წარმოიქმნება. ყავას უშაქროდ ან შაქრით ამზადებენ და პატარა ფინჯნებით მიირთმევენ. მას ხშირად თურქული ტკბილეულიც ახლავს.

თურქული ყავა ყოველდღიური შეხვედრებისა და ნიშნობის ცერემონიების განუყოფელი ნაწილია და სტუმართმოყვარეობის სიმბოლოდაც მიიჩნევა. მას კიდევ ერთი საინტერესო ტრადიცია უკავშირდება - ფინჯანში დარჩენილი ნალექით მკითხაობა. ეს ჩვეულებები ადამიანებს ერთმანეთთან აახლოებს და მოგზაურებს ადგილობრივი ცხოვრების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

თურქული ყავის მარშრუტი გურმანებისთვის

თურქეთში მოგზაურობისას შეგიძლიათ ეწვიოთ ტრადიციულ ყავახანებს, მონაწილეობა მიიღოთ მასტერკლასებში და თავადაც ისწავლოთ ყავის მომზადება. თუმცა, ქვეყნის კულტურის უფრო ღრმად გასაცნობად  მისი რეგიონული სახეობების აღმოჩენაც მნიშვნელოვანია.

მოგზაურობა სტამბოლიდან დაიწყეთ. ისტორიული ნახევარკუნძულის უბნები -სულთანაჰმედი, სირქეჯი და ემინონუ, ასევე ქარაქოი, გალათა და ქადიქოი, მყუდრო ყავახანებით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ცხელ ქვიშაზე ან ნაკვერჩხალზე მომზადებული თურქული ყავა, რომელსაც განსაკუთრებული, უფრო ინტენსიური არომატი აქვს.

ყავის კულტურის გაცნობა შეგიძლიათ ანკარასა და იზმირშიც. ანკარაში კლასიკური თურქული ყავის დასაგემოვნებლად ეწვიეთ ადგილობრივ ახალგაზრდებში პოპულარულ კაფეებს, განსაკუთრებით თუნალი ჰილმის ქუჩისა და ჩანქაიას უბნებში.

იზმირში ყავის მირთმევა შეგიძლიათ ალსანჯაქში, იზმირის ყურის ხედით, ან ძველი სახლების გარემოცვაში მდებარე მყუდრო კაფეებში. ქალაქის მახლობლად მდებარე ურლა, რომელიც გასტრონომიული მიმართულებითაც არის ცნობილი, ტრადიციული ყავის დასაგემოვნებლად კიდევ ერთი საინტერესო ადგილია. ალაჩათში კი აუცილებლად სცადეთ მასტიკის არომატით მომზადებული თურქული ყავა, რომელიც განსაკუთრებით უხდება ამ ქალაქის ქვაფენილიან ქუჩებსა და მყუდრო კაფეებს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, გაზიანთეფში, შეგიძლიათ დააგემოვნოთ მენენგიჩის ყავა, რომელსაც 2024 წელს ევროკავშირის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების (PDO) სტატუსი მიენიჭა. ის კოფეინს ბუნებრივად არ შეიცავს და ტურპენტინის ხის (Pistacia terebinthus) მოხალული ნაყოფისგან მზადდება.

შანლიურფასა და მარდინში შეგიძლიათ გასინჯოთ ყავა მირრა. ეს არის განსაკუთრებულად მწარე ყავა, რომლის ინტენსიური გემოც მარცვლების ორჯერ მოხალვის შედეგად მიიღება. ადიამანში კი პოპულარულია ქერვანსარაის ყავა, რომელიც ყავის, შოკოლადის, ნაღების, სალეპის, კარობის, მენენგიჩისა და მასტიკის ნაზავით მზადდება.

თურქეთის სხვადასხვა რეგიონში გავრცელებულია დიბექის ყავაც. ტრადიციული მეთოდით მას ქვის როდინში დანაყული მოხალული მარცვლებისგან ამზადებენ. თანამედროვე ვერსიებში ხშირად სხვადასხვა არომატულ ინგრედიენტსაც ამატებენ.

თურქული ყავის კულტურით დაინტერესებულ მოგზაურებს შეუძლიათ ეწვიონ თურქული ყავის მუზეუმსაც, რომელიც ქარაბუქის პროვინციის ქალაქ საფრანბოლუში მდებარეობს. ქალაქი ოსმალეთის ეპოქის ავთენტური სახლებით გამოირჩევა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშიც არის შეტანილი. საფრანბოლი ასევე შედის „სითასლოუს“ (Cittaslow) საერთაშორისო ქსელში.

მათთვის, ვისაც თურქული ყავის ტრადიციის სახლში გაგრძელება ან საყვარელი ადამიანებისთვის გაზიარება სურს, მოგზაურობის სასიამოვნო სამახსოვრო საჩუქარი შეიძლება გახდეს სპეციალური ნაკრები, რომელშიც შედის ჯეზვე, წვრილად დაფქული თურქული ყავა და ტრადიციული ფაიფურის ორი ფინჯანი.

 

უახლესი სტატიები