თურქეთის ქალაქი ბურსა, რომელიც ულუდაღის მთის ძირში მდებარეობს, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ითვლება. ქალაქი გამოირჩევა მდიდარი ისტორიით, ულამაზესი ბუნებით, თერმული აბანოებით, ცნობილი სათხილამურო კურორტებითა და უნიკალური სამზარეულოთი. სწორედ აქ, 2026 წლის 17-19 ივლისს გაიმართება თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კონკურენტული სამთო ულტრამარათონი - Uludağ Premium Ultra Trail, რომელიც წელს მეცხრედ ჩატარდება.
სხვა სამთო ულტრამარათონებისგან განსხვავებით, რომლებიც ხშირად შორეულ და რთულად მისადგომ ადგილებში იმართება, Uludağ Premium Ultra Trail-ი ადვილად ხელმისაწვდომ ლოკაციაზე ტარდება, რაც მონაწილეებისა და მაყურებლებისთვის მისვლას ბევრად ამარტივებს.
ბურსა სტამბოლიდან დაახლოებით ორი საათის სავალზე მდებარეობს, ხოლო ქალაქის ცენტრიდან ულუდაღამდე 30 წუთი საკმარისია მისასვლელად. ეს ღონისძიება მხოლოდ სპორტული შეჯიბრი არ არის - იგი აერთიანებს ულუდაღის შთამბეჭდავ ბუნებასა და ბურსას მდიდარ ისტორიულ მემკვიდრეობას. აღსანიშნავია, რომ მარათონის მარშრუტი გადის ისტორიულ ტერიტორიებზე, სადაც ოდესღაც სხვადასხვა ცივილიზაცია ცხოვრობდა - ბითინიის სამეფოდან ოსმალეთის იმპერიამდე.
3 000 მორბენალი 25 ქვეყნიდან
მარათონი ტარდება სლოგანით „იოცნებე ულუდაღში სირბილზე!“ (Dream of Running in Uludağ!). აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 3 000 სპორტსმენი 25 ქვეყნიდან. შეჯიბრებაში ჩაერთვებიან როგორც პროფესიონალი, ისე ჰობის დონეზე მოყვარული მორბენლები თურქეთიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის: გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, ირანიდან, საქართველოდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, რუმინეთიდან და ნორვეგიიდან.
მარშრუტები ბუნებისა და ისტორიის გულში
მარათონის მარშრუტები გადის ბურსას ყველაზე ცნობილ კულტურულ ღირსშესანიშნაობებზე, მათ შორის:
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ სოფელ ჯუმალიქიზიქზე (Cumalıkızık);
- საითაბათის ჩანჩქერზე(Saitabat Waterfall);
- ზეინილერის სოფელზე(Zeyniler Village);
- ულუდაღის მყინვარულ ტბებზე(the Glacial Lakes);
- ულუდაღის მწვერვალზე, რომელიც 2 543 მეტრის სიმაღლისაა.
ტრასები მოიცავს როგორც ტექნიკურად რთულ ვიწრო ბილიკებს, ასევე ალპურ მდელოებს, სადაც მრავლად იზრდება იშვიათი ენდემური მცენარეები.
აღსანიშნავია, რომ ულუდაღი ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით თურქეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ზონად მიიჩნევა. აქ იზრდება 791 სახეობის მცენარე, რომელთაგან 108 ენდემურია, ასევე გვხვდება მსოფლიოში იშვიათი სახეობის მცენარეებიც. გარდა ამისა, რეგიონში ბინადრობს სამი იშვიათი სახეობის პეპელაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ტერიტორიის განსაკუთრებულობას.
ხუთი დისტანცია ყველა დონის მორბენლისთვის
- 70 კმ - ყველაზე რთული მარშრუტი, გამოცდილი მორბენლებისთვის.
- 42 კმ - კლასიკური მარათონის დისტანცია, სადაც ბუნებისა და ისტორიული ადგილების ხილვაა შესაძლებელი.
- 30 კმ - საშუალო სირთულის მარშრუტი მათთვის, ვისაც მთის ბილიკებზე სირბილი უყვარს.
- 16 კმ - კარგი არჩევანი მათთვის, ვისაც ბუნებაში შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება სურს.
- 6 კმ - მოკლე და შედარებით მარტივი გარბენი, რომელიც თითქმის ყველასთვის ხელმისაწვდომია.
უნდა აღინიშნოს, რომ „სიმაღლის მატება“ ნიშნავს იმას, რამდენი მეტრით უწევთ მონაწილეებს აღმართზე ასვლა მარშრუტის განმავლობაში. მაგალითად, 70-კილომეტრიან დისტანციაზე მორბენლები ჯამში დაახლოებით 3 600 მეტრის სიმაღლეს აივლიან, რაც მარშრუტზე მსვლელობას განსაკუთრებით რთულს ხდის.
ასევე, ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება ბავშვთა გარბენი (Children's Run), რომელიც ოჯახებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება.
ბურსა - სპორტზე ბევრად მეტი
საგულისხმოა, რომ ბურსა თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული ქალაქია. ის სტუმრებს მდიდარ ისტორიას, შთამბეჭდავ ბუნებასა და მრავალფეროვან გასტრონომიულ გამოცდილებას სთავაზობს.
ბურსაში არის ცნობილი ღირსშესანიშნაობები, მაგალითად:
Grand Mosque (ულუ ჯამე) - დიდი მეჩეთი
Green Mosque and Tomb - მწვანე მეჩეთი და მავზოლეუმი
Koza Han - ისტორიული ქარვასლა (ძველი სავაჭრო ადგილი)
historic bazaar bridges - ისტორიული ბაზრები და ხიდები
Atatürk House Museum -ათათურქის სახლ-მუზეუმი
İnkaya Plane Tree - ინქაიას უძველესი ჭადარი
ასევე, ბურსასთან ახლოს მდებარე ისტორიული ქალაქი იზნიქი, რომელიც იუნესკოს საცდელ სიაშია შეტანილი, სტუმრებს სთავაზობს აია სოფიას მეჩეთის მონახულებას, ტრადიციული კერამიკის სახელოსნოებში სტუმრობასა და იზნიქის ტბით ტკბობის შესაძლებლობას.
2025 წლის 28 ნოემბერს იზნიქმა ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტს უმასპინძლა - ქალაქს ეწვია პაპი ლეო XIV. ეს იყო პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც მოქმედმა პაპმა აღნიშნული ქალაქი მოინახულა. ვიზიტი ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების 1700 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ბურსაში მოგზაურობა სრულყოფილი არ იქნება ტრადიციული თურქული აბანოების (ჰამამების) გამოცდილებისა და ადგილობრივი გასტრონომიის დაგემოვნების გარეშე. ქალაქი განთქმულია ისქენდერ ქაბაბით, წაბლის ტკბილეულით, რძის ჰალვითა და თაჰინიანი ფიდეთი, ხოლო სუვენირებს შორის განსაკუთრებით გამორჩეულია გემლიქის ზეთისხილი და ბურსას აბრეშუმი.