თურქული სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სამზარეულოა, რადგან იგი გამორჩეულია კერძებისა და ინგრედიენტების მრავალფეროვნებით.
ნებისმიერი ქვეყნის ტრადიციული სამზარეულოს ჩამოყალიბება, ცხადია, დაკავშირებულია ამა თუ იმ ქვეყნის, ერის ისტორიასა და წარსულთან, გეოგრაფიულ მდებარეობასთან, რელიგიასა და სხვა კომპონენტებთან, რომელთა ერთობაც განსაზღვრავს მათ თავისებურებას. თურქული სამზარეულოს მრავალფეროვნება და ტრადიციები სათავეს იღებს თურქული ტომების ისტორიასა და ჩვეულებებში. მოკლედ რომ დავახასიათოთ, შეიძლება ითქვას, რომ თურქული სამზარეულო ისლამური ქვეყნების ტრადიციული სამზარეულოების საუკეთესო კერძთა ნაზავია, გამდიდრებული ევროპული, კავკასიური, ბალნკაური ელემენტებით.
სამზარეულოს ძირითადი ინგრედიენტებია ხორცი (უმეტესად - ცხვრის), თეთრი ყველი, იოგურტი, ბრინჯი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი, ბადრიჯანი, წიწაკა, ოსპი, პომიდორი, ხახვი და სხვა. გამორჩეული ადგილი უჭირავს თევზსა და ზღვის პროდუქტებს, რაც გეოგრაფიული თავისებურებით არის განპირობებული - ქვეყანას სამი მხრიდან ზღვა აკრავს გარს, დასავლეთით - ეგეოსის ზღვა, ჩრდილოეთით - შავი ზღვა და სამხრეთით ხმელთაშუა ზღვა, ბოსფორი, მარმარილოს ზღვა და დარდანელი, რომლებიც ერთად ქმნიან თურქეთის სრუტეებს, იყოფს თრაკიასა და ანატოლიას, ისევე, როგორც აზიასა და ევროპას. ხშირად ღია ცეცხლზე ამზადებენ, რაც განსაკუთრებულ არომატს სძენს კერძს.
ვინაიდან თურქეთი მუსლიმური სახელმწიფოა, სამზარეულოშიც მოქმედებს შესაბამისი წესები. არსებობს "ნებადართული" (halal) და "აკრძალული" (haram) საკვები. აკრძალული საკვების ყველაზე ცნობილი მაგალითი ღორის ხორცია. მისგან მომზადებულ კერძებს ძალიან იშვიათად შეხვდებით რესტორნებში. გარდა ამისა, ზოგიერთ განსაკუთრებულ დღეს და რამადანის დროს მორწმუნეები ღამის დადგომამდე მარხულობენ და ხორცს არ მიირთმევენ. ცხადია, ასეთი წესები მოგზაურებსა და ტურისტებზე არ ვრცელდება, მათ მკაცრად ადგილობრივი ღრმა მორწმუნეები იცავენ.თურქული ეროვნული სამზარეულოს ყველაზე ცნობილი კერძი ალბათ ფლავია. ყველაზე ხშირად მას ამზადებენ ბრინჯისგან, თუმცა ზოგან ბრინჯის მაგივრობას ხორბლის ბურღული "ბულგური" უწევს.