თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა კაპადოკია, რომელიც უნიკალური ბუნებით, მღვიმე-სასტუმროებითა და საოცარი საჰაერო ბუშტებით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ მან 2025 წელს 4,5 მილიონზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა. კაპადოკია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში “ ცხენების მიწას“ უწოდებდნენ, 3-5 ივლისს ცხენისა და საცხენოსნო კულტურისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
„კაპადოკიის ცხენისა და საცხენოსნო კულტურის II ფესტივალი“, რომელიც გორემეში გაიმართება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს უმასპინძლებს. მის ფარგლებში მაყურებლებს ელოდებათ თურქი და უცხოელი მონაწილეების ჩართულობით საცხენოსნო შოუები, ცხენზე მშვილდოსნობის შეჯიბრებები, ტრადიციული დოღი და სხვა სანახაობრივი წარმოდგენები. ღონისძიების პროგრამა ასევე მოიცავს გამოფენებს, ლექციებსა და დისკუსიებს, სადაც მონაწილეები ცხენის კულტურის ისტორიასა და მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.
საგულისხმოა, რომ ფესტივალის პროგრამას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს კონცერტები, ცოცხალი მუსიკა, ბავშვებისთვის გასართობი წარმოდგენები, ცხენით გასეირნების შესაძლებლობა, ტრადიციული საცხენოსნო თამაშები, მათ შორის ჯირითი და ცხენების შეფასების კონკურსი.
სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ნევშეჰირის რეგიონის ტრადიციული კერძები და ადგილობრივი ღვინოები. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი აერთიანებს ცხენის კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, ადგილობრივ სამზარეულოსა და კაპადოკიის უნიკალურ ბუნებას, რაც სტუმრებს ამ განსაკუთრებულ რეგიონში დაუვიწყარ გამოცდილებას შესთავაზებს.
რას სთავაზობს კაპადოკია სტუმრებს?
ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს - კლდეში ნაკვეთ ეკლესიებს, მღვიმეებს, მიწისქვეშა ქალაქებსა და გორემეს ღია ცის ქვეშ არსებულ მუზეუმს, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
აქტიურ დასვენებას - ლაშქრობას, ველოტურებს, კულტურულ აქტივობებსა და საჰაერო ბუშტით ფრენას კაპადოკიის ულამაზესი ხედების დასათვალიერებლად.
განსაკუთრებულ დასვენებას მღვიმე-სასტუმროებში, სადაც უძველესი გარემო თანამედროვე კომფორტთან არის შერწყმული.
ადგილობრივ გემოებს - ტრადიციულ კერძებს, ადგილობრივ ღვინოებსა და მაღალი დონის რესტორნებს, რომლებიც კაპადოკიის კულინარიულ ტრადიციებს საუკეთესოდ წარმოაჩენს.