ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში ღვარცოფის შედეგად ორი სახლი დაიტბორა და ავტომობილი დაზიანდა.
როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მისი განმარტებით, ამჟამად გზა გახსნილია და სოფელში გეოლოგებს ელოდებიან.
„მეწყერი არ ჩამოწოლილა, ღვარცოფი იყო სოფელ გომაროში და სოფელ შოყაში. სოფელ შოყაში არაფერი ზიანი არ მიუყენებია. რაც შეხება სოფელ გომაროს, იქ ორი სახლი დაიტბორა. ერთ-ერთს უკვე კომპენსაცია მიღებული აქვს, შიგნით არ ცხოვრობდა და საოჯახო ნივთები გასატანი ჰქონდა. რაც შეეხება მეორე სახლს, იქ ნაკლებად დაზიანდა. წყალი შევიდა სახლში, ეზოში მანქანა დაუზიანდა. წყალი სამაშველო სამსახურმა ამოტუმბა და ამ ეტაპზე არავითარი პრობლემა არ არის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გზა გახსნილია. წუხელ მთელი ღამე მუშაობდა მძიმე ტექნიკა და დღეს დილის 07:00 საათიდან მუშაობა გააგრძელა. დარჩენილი ნაწილი გავასწორეთ, ამ ეტაპზე გეოლოგებს ველოდებით. მოძრაობა აღდგენილია, არავითარი პრობლემა არ არსებობს. გუშინ ძლიერი წვიმა იყო მთაში, სეტყვა და ღვარცოფი, ეს წყალმოვარდნაც სწორედ ამან გამოიწვია“,-განაცხადა გოჩა ქიმაძემ.
მისი განმარტებით, კომისია დაადგენს, თუ რამდენ ლარს შეადგენს მიყენებული ზარალი.
ფოტო: TOK2Region