წლევანდელ სეზონზე აფხაზეთიდან რუსეთში ლიმონის ექსპორტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაორმაგდა. ინფორმაციას რუსული “კომერსანტი” დე ფაქტო სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ციტრუსის სეზონის დაწყებიდან რუსეთში 196 ტონა ლიმონი გაიგზავნა, მაშინ, როცა წინა წელს მოცულობა მხოლოდ 85 ტონას შეადგენდა.
ლიმონის გარდა, სეზონის დაწყებიდან მანდარინის ექსპორტიც გაიზარდა. კერძოდ, აფხაზეთიდან რუსეთში უკვე 4300 ტონა მანდარინი შევიდა, რაც გასულ წელთან შედარებით 716 ტონით მეტია. აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით, სეზონის ბოლომდე, რომელიც მარტამდე გაგრძელდება, დაახლოებით, 33 000 ტონა მანდარინი იქნება ექსპორტირებული. რუსეთი მანდარინის იმპორტს, ასევე, თურქეთიდან, მაროკოდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ეწევა, ხოლო აფხაზური მანდარინი მთლიანი ბაზრის მოცულობის 3-7%-ს შეადგენს, რაც წელიწადში 20-60 ათასი ტონაა.