ბოლო ინფორმაციით, მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმას — ქენან ისმაილოვს მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
Aktual.ge-ს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება მარნეულის მაგისტრატმა მოსამართლემ, ქვანცა ჩიქოვანმა მიიღო.
არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარემ 100 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შემდეგი სასამართლო პროცესი 19 მაისს, ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გაიმართება.
რა მოხდა?
თავდაპირველად, უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ 6 აპრილს სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ ბიზნესმენს, რომელმაც პურის ფასი არ გაზარდა, მარნეულის მერის ძმა და მისი თანმხლები პირები სასტიკად გაუსწორდნენ.
მომხდარის შემდეგ, შსს-მ ინციდენტში მონაწილე პირი, ქენან ისმაილოვი დააკავა და საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.
8 აპრილს კი საქართველოს პროკურატურამ ოფიციალურ ვებგვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.