მსოფლიო ბაზარზე ოქროს და ვერცხლის ფასი მორიგ რეკორდს ამყარებს. Gold Price-ის მონაცემებით, ერთდღიან ჭრილში ოქრო 1.7%-ით არის გაძვირებული და თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნციის ფასი 4 586 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ერთ დღეში მისმა ფასმა 5.35%-ით მოიმატა და ამ მომენტისთვის ერთი უნციის ფასი 84.11 დოლარს შეადგენს.
ძვირფასი ლითონის გაძვირებას ანალიტიკოსები უკრაინის ომს, ახლო აღმოსავლეთის კრიზისს და ირანში მიმდინარე არეულობას უკავშირებენ. ამასთან, ერთ-ერთი მიზეზი არის მოლოდინი იმისა, რომ აშშ-ის უახლოეს პერიოდში საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს. ანალიტიკოსების თქმით, სწორედ ამ გეოპოლიტიკური დაძაბულობის, ეკონომიკური გაურკვევლობისა და აშშ-ის საპროცენტო განაკვეთების შემცირების მოლოდინის ფონზე, ინვესტორებს კაპიტალი აქტიურად გადააქვთ ძვირფას ლითონებში.
ამასთან, Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ 2026 წელს ერთი უნცია ოქრო 4 800-5 000 დოლარის დიაპაზონს მიაღწევს, ვერცხლის ფასი კი 90 დოლარს გადააჭარბებს. Bloomberg-ი კი ვარაუდობს, რომ ოქრო 2026 წელს შესაძლოა, 5 200 დოლარამდე გაძვირდეს, ერთი უნცია ვერცხლის ფასი კი 100 დოლარს მიაღწევს.