g100.ge

ADY: ბაქო-თბილისის მატარებელზე დღის რეისების დანიშვნა ჯერჯერობით არ იგეგმება - გაიაფდება თუ არა ბილეთები?

ADY: ბაქო-თბილისის მატარებელზე დღის რეისების დანიშვნა ჯერჯერობით არ იგეგმება - გაიაფდება თუ არა ბილეთები?

აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლის დღის რეისების გასახსნელად ამჟამად არ მუშაობს. ამის შესახებ მგზავრთა გადაყვანის დეპარტამენტის უფროსმა, აზერ ფარაჯოვმა განაცხადა, რასაც Report ავრცელებს.

მისი თქმით, „ამჟამად მხოლოდ ერთი მატარებელი მოძრაობს და მასზე დამატებითი ვაგონების დასამატებლად სამუშაოები მიმდინარეობს.”

ფარაჯოვი ამბობს, რომ “ყველაზე დიდი მოთხოვნა თბილის-ბაქოს მარშრუტზეა, რადგან აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ მატარებლით ან თვითმფრინავით არის შესაძლებელი.“ მისი მონაცემებით, თბილისიდან მატარებლით 6000-ზე მეტმა, ხოლო ბაქოდან 5000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე იმგზავრა.

ამასთან, აზერბაიჯანის რკინიგზა, ასევე, არ განიხილავს ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელზე ბილეთების ფასის მნიშვნელოვან შემცირებას, რადგან, ფარაჯოვის შეფასებით, ამ რეისის ბილეთები ისედაც მინიმალური ტარიფებით იყიდება.

ფარაჯოვმა, ასევე, კომენტარი გააკეთა ახალ მატარებლებზე ძველი ტიპის ვაგონების დამატებაზე და აღნიშნა, რომ ეს არანაირ რისკს ან საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან “ტექნიკური ექსპლუატაციის რეგულაციებს შეესაბამება.” კერძოდ, “დამატებული ვაგონები იმავე სიჩქარით იმოძრავებენ და მატარებლის საჭირო ფუნქციონალურობას შეინარჩუნებენ.“

როგორც ცნობილია, 10 ივლისიდან აზერბაიჯანის რკინიგზა ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებლების ტევადობას სამი საძილე ვაგონის დამატებით, თითქმის, 60%-ით გაზრდის. ვაგონების დამატება თითოეულ მგზავრობაზე ადგილების რაოდენობას არსებული 178-დან 282-მდე გაზრდის, ხოლო მგზავრები უფრო ხელმისაწვდომი ტარიფებით ისარგებლებენ.

ფარაჯოვის ცნობით, ამჟამად ბაქო-თბილისი-ბაქოს მატარებელზე გაყიდვაში, დაახლოებით, 5500 ბილეთი არის ხელმისაწვდომი. ბილეთების გაყიდვა სისტემაში მაღალი მოთხოვნის გამო გრძელდება.

„დიდი რაოდენობით ერთდროული მომართვიანობის გამო შესაძლოა, დროებითი შეფერხებები შეიქმნას, თუმცა ტექნიკური პრობლემები არ არსებობს,“ - ხაზგასმით ამბობს ფარაჯოვი.

ამჟამად ბილეთების გაყიდვა მატარებლის გამგზავრებამდე 30 დღით ადრე იწყება, თუმცა აზერბაიჯანის რკინიგზა “ამ პერიოდის 90 დღემდე გახანგრძლივებაზე უკვე მუშაობს” და შესაბამისი განცხადება, ფარაჯოვის ცნობით, “ყველა საჭირო პროცედურის დასრულების შემდეგ გაკეთდება.”

უახლესი სტატიები