g100.ge

რა უნდა ვიცოდეთ კალციუმის დეფიციტის შესახებ და როგორ ავირიდოთ თავიდან იგი?

რა უნდა ვიცოდეთ კალციუმის დეფიციტის შესახებ და როგორ ავირიდოთ თავიდან იგი?

კალციუმი არის მინერალი, საკვები ნივთიერება, რომელიც ყველაზე ხშირად ასოცირდება ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობასთან, თუმცა ის ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლის შედედებაში, არეგულირებს გულის ნორმალურ რიტმს და ნერვულ ფუნქციას, ხელს უწყობს ჰორმონების გამოყოფას და ეხმარება კუნთებს შეკუმშვაში. 

ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო კალციუმის დღიური ნორმა დამოკიდებულია ასაკზე.

ადამიანის ორგანიზმი ამ მინერალს საჭირო რაოდენობით ორი გზით იღებს: კალციუმის შემცველი საკვების ან დანამატების მიღებით და ორგანიზმში კალციუმის გამოდევნით.

მინერალის საჭირო რაოდენობის მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა საკვების ან დანამატის მიღებით. მაგალითად: რძის პროდუქტები, თევზი, მარცვლეული პროდუქტები და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი არ მიირთმევს კალციუმის შემცველ საკვებს, სხეული კალციუმს ძვლებიდან გამოდევნის/გამოათავისუფლებს და მოგვიანებით მნიშვნელოვანია მისი აღდგენა.

გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის ორგანიზმი ყოველდღიურად კარგავს კალციუმს კანის, ფრჩხილების, თმის, ოფლის, შარდისა და განავლის მეშვეობით და დროთა განმავლობაში, შეიძლება განვითარდეს კალციუმის დეფიციტი/ჰიპოკალცემია.

ჰიპოკალცემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში (და არა ძვლებში) კალციუმის დონე არის ძალიან დაბალი. ჰიპოკალციემია გამოწვეულია ისეთი დაავადებებით, როგორებიცაა: თირკმლის უკმარისობა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ოპერაციები; ასევე ისეთი მედიკამენტებით, როგორებიცაა: შარდმდენები, რომლებიც ხელს უშლიან შეწოვას.

კალციუმის დეფიციტის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: კუნთების ტკივილი, კრუნჩხვები, სპაზმი, დაბუჟება და ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში, ფრჩხილებსა და კანთან დაკავშირებული პრობლემები, კბილებთან დაკავშირებული პრობლემები, თავბრუსხვევა, არითმია და ა.შ.

სიმპტომების გამოვლენისას მნიშვნელოვანია გავიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან, რათა თავიდან ავირიდოთ შემდგომი გართულებები.

რაც შეეხება კალციუმის დეფიციტის მკურნალობასა და პრევენციას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ შემდგომი ფაქტორები.

კალციუმის დეფიციტის/ჰიპოკალცემიის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის კალციუმის შემცველი მედიკამენტების პერორალური მიღება. ზოგადად, ჰიპოკალცემიის დროს გამოიყენება შემდეგი მედიკამენტები: კალციუმის შემცველი მედიკამენტები (მაგალითად: კალცემინი), D ვიტამინის შემცველი მედიკამენტები და მაგნიუმის დონის ამწევი მედიკამენტები.

კალციუმის დეფიციტის პრევენციისთვის კი ყველაზე უსაფრთხო და მარტივი გზაა რაციონში  კალციუმით მდიდარი ისეთი საკვები პროდუქტების მიღება, როგორებიცაა: რძის პროდუქტები, მარცვლეული, ლობიო, ისპანახი, ლეღვი, ბროკოლი, ტოფუ, სოიოს რძე, თხილეული, ნუში და სხვა.

ასევე, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რისკს-ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვის საჭიროა ენდოკრინოლოგთან პერიოდული ვიზიტი და კალციუმის და D ვიტამინის შემცველი მედიკამენტების გამოყენებამდე კონსულტაციის გავლა.

(R)

უახლესი სტატიები